რაჟდენ ხუნდაძე

ცნობილი მგალობლების ბიოგრაფიები

რაჟდენ ხუნდაძე დაიბადა ოზურგეთის მაზრის სოფელ კალაგონში, მღვდელ თომა ხუნდაძის ოჯახში. დაამთავრა თბილისის სასულიერო სემინარია. ცხოვრობდა და მოღვაწეობდა ქუთაისში.

რაჟდენ ხუნდაძეს დიდი დამსახურება მიუძღვის ქართული საეკლესიო საგალობლების და ხალხური სიმღერების შეკრებასა და პოპულარიზაციაში. იყო ცნობილი ლოტბარი. საღვთო სჯულს და საეკლესიო გალობას ასწავლიდა ქუთაისის გიმნაზიებში. 1885-1912 წლებში ქუთაისში გამოსცა ქართული საეკლესიო საგალობლების 10-ზე მეტი მნიშვნელოვანი კრებული. მათგან აღსანიშნავია: "შემოკლებული საეკლესიო ტიბიკონი" (ქუთაისი, 1887), "ღვთისმშობლის მიძინების სვინაქსარი" (ქუთაისი, 1894), "ქართული საეკლესიო გალობა გურულ-იმერულ კილოზე" (ქუთაისი, 1902), "ქართული გალობა (ლიტურღია იოანე ოქროპირისა, ვასილ დიდისა და გრიგოლ ღვთის-მეტყველისა. პარტიტურა, ნოტებზე გადაღებული გურულ-იმერულ სადა კილოზე)" (ტფილისი, 1911), "საეკლესიო ტიბიკონი" (ქუთაისი, 1910) და სხვა. რ. ხუნდაძე არჩეული იყო იმერეთის ეპარქიის სარწმუნოებრივ-საგანმანათლებლო ძმობის წევრად.

ეწეოდა აქტიურ ლიტერატურულ და პუბლიცისტურ მოღვაწეობას. "საჯავახოელი"-ს, "საჯაოხელი"-ს, "ქართველიშვილი"-ს ფსევდონიმებით ლექსებს და პუბლიცისტურ წერილებს აქვეყნებდა ქართულ პერიოდულ პრესაში ("ივერია", "მწყემსი", "კოლხიდა", "განათლება", "ჩვენი ქვეყანა" და ა.შ.). 1905 წელს ქუთაისში გამოიცა მისი ლექსების კრებული.

ხუნდაძეს ეკუთვნის, აგრეთვე, რამდენიმე მუსიკალური ნაწარმოები, მათ შორის ოპერა "უცნაური ქორწილი".

რაჟდენ ხუნდაძე ეწეოდა აქტიურ საზოგადოებრივ მოღვაწეობას: არჩეული იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების და საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოების წევრად. მას ახლო მეგობრობა აკავშირებდა ილია ჭავჭავაძესთან, აკაკი წერეთელთან, ნიკო ნიკოლაძესთან, იმერეთის ეპისკოპოს გაბრიელთან (ქიქოძე), ვასილ წერეთელთან, მამია გურიელთან და სხვა გამოჩენილ მოღვაწეებთან.

მონაწილეობდა ქუთაისში ფილიმონ ქორიძის მიერ საგალობლების ნოტებზე გადაღებში. რამდენიმე წლის განმავლობაში სამხმიანი გუნდისათვის გამართა 3 100 საგალობელი. მას ეკუთვნის გურული სადა კილოს საგალობლების სამ ხმაზე გაწყობა (ქვედა ორი ხმის შეწყობა), რომელიც ექვთიმე კერესელიძის თხოვნით შეასრულა. ანტონ დუმბაძის მოსწავლე.

ხუნდაძე გარდაიცვალა 84 წლის ასაკში, დაკრძალულია ქუთაისში.

წყარო: www.ka.wikipedia.org/wiki/რაჟდენ_ხუნდაძე