ვარლამ სიმონიშვილი
ცნობილი მგალობლების ბიოგრაფიები
ბავშვობიდანვე სიმღერით გატაცებული მოწაფედ მიებარა სოფელ შემოქმედში თავის მეზობელს, სიმღერა-გალობის დიდ მცოდნეს, ანტონ დუმბაძეს, რომლისგანაც ბევრი სიმღერა-საგალობელი აითვისა.
ამ საუკუნის დასაწყისში ოზურგეთის სამოქალაქო სკოლასა და სოფელ განახლების დაწყებით სასწავლებელში ასწავლიდა სიმღერა-გალობას; მოწაფეთა გუნდები მოაწყო და საჯარო კონცერტები გამართა.
არაერთგზის დასაჯეს რევოლუციურ გამოსვლებში მონაწილეობისათვის. შექმნა აჭარულ-გურული სიმღერების გუნდი და კონცერტი გამართა ოზურგეთში, ბათუმში, ქობულეთში და სხვაგან. ჯერ 1913, ხოლო შემდეგ 1917 წლებში თბილისსაც ეწვია. მის კონცერტებს წინ უძღვოდა კომპოზიტორ კოტე ფოცხვერაშვილის გამოსვლა. მონაწილეობა მიიღო იმ კონცერტში, რომელიც თბილისში გაიმართა 1917 წელს მისი მასწავლებლის, სამუელ ჩავლეიშვილის, თაოსნობით.
1920 წელს ბათუმში გამართა საჯარო კონცერტი, რომლის მთელი შემოსავალი გორში მომხდარი მიწისძვრისაგან დაზარალებულთა ფონდში გადარიცხა. მონაწილეობდა ხუთ რესპუბლიკურ ოლიმპიადაში და წარმატება მოიპოვა როგორც სიმღერათა რეპერტუარის, ისე შესრულების მხრივ. პირველად მოსკოვს 1927 წელს ეწვია. კონცერტმა წარმატებით ჩაიარა; მეორედ მოსკოველებმა მას თბილისის სამხედრო გარნიზონის სიმღერისა და ცეკვის ანსამბლის საკონცერტო გამოსვლისას მოუსმინეს. მისი ერთ-ერთი მთავარი დამსახურება ახალგაზრდობის აღზრდა იყო. გურიაში დღესაც იშვიათიად შეხვდებით მომღერალსა და ლოტბარს, რომელიც თავს ვარლამის მოწაფედ არ თვლიდეს.
მეჩონგურე, კარგი პედაგოგი, შესანიშნავი მომღერალი და ლოტბარი, საქართველოს სსრ ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე, თვითმოქმედი კომპოზიტორიც იყო. გუნდები და ანსამბლები დღესაც წარმატებით ასრულებენ მის სიმღერებს.