ნესტორ კონტრიძე
ცნობილი მგალობლების ბიოგრაფიები
ნესტორ კონტრიძე ლიხაურელი გლეხის შვილი იყო გურიის მკვიდრი, მაგრამ მცირე განათლება მაინც ჰქონდა. ამ განათლებას ზედმიწევნით კარგად იყენებდა. ენაწყლიანი მოსაუბრე გლეხკაცის კვალობაზე კარგად ერკვეოდა პოლიტიკურ საკითხებშიც კი. მაგრამ მისი სტიქია მაინც სიმღერა-გალობა იყო. ბავშვობიდანვე დაჰყვა სიმღერისადმი ლტოლვა. კარგი ხმა, მდიდარი სმენა და ფართო გაქანების ალღო მას ჩვეულებრივი მომღერლისაგან აუცილებლად განასხვავებდა. ამიტომ მრავალი მისი მოწაფე მას ყოველთვის გულთბილად იხსენიებდა. ერთ ხანს სასულიერო პირი იყო: ეკლესიის მსახური. მაგრამ ეს გარემოება მასში საზოგადოებრივი სამსახურისადმი მიდრეკილებას როდი ანელებდა. პირიქით, ყოველ საწინაო წამოწყებაში იგი მხურვალე მონაწილეობას ღებულობდა.
როცა 1887 წელს დიმიტრი ყიფიანი სტავროპოლის გარე მონასტერში მეფის ჯალათების მიერ მიყენებულმა შავრაზმელმა ვერაგულად მოკლა და მტელი საქართველო ძაძებით შეიმოსა, მაშინ ნესტორ კონტრიძე რამდენიმე მომღერლის თანხლებით თბილისს გაემგზავრა და ამ თავდადებული ადამიანის უჩვეულო დაკრძალვაში მონაწილეობა მიიღო; შეასრულა ძილისპირულები ჯერ სიონში და შემდეგ მთაწმინდის ეკლესიის ეზოში; გურული «ზარი» მოეფინა არემარეს.
გარდა ამისა მას დაევალა თბილისის სემინარიაში ეწარმოებინა დასავლეთ საქართველოს საეკლესიო სიმღერების სწავლება. აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს საეკლესიო სიმღერები მკვეთრად განსახვავდება ერთი მეორისაგან. აღმოსავლეთში სჭარბობს მელოსი, ხოლო დასავლეთში პოლიფონია – ბანის მოძრავიერი გადასვლები, რასაც ასე მდიდრად იყო დაუფლებული ნესტორ კონტრიძე და მისი მოწაფეები, რომელნიც მტკიცედ და მონდომებით განაგრძობდნენ დასავლეთ საქართველოს საეკლესიო გალობის ვეტერან-კორიფეთა დიტო ჭალაგანიძის, ანტონ დუმბაძისა და სხვათა ბრწყინვალე ტრადიციას.
აღსანიშნავია 1913 წელს გურიაში გამართული ლადო მესხიშვილის იუბილეში ნესტორ კონტრიძის გუნდის მონაწილეობა. გუნდი ნატანებში შეეგება იუბილარს სიმღერით და მიაცილა ოზურგეთამდე. ხოლო შემდეგ იუბილი დროს ნესტორ კონტრიძის გუნდი დროდადრო ასრულებდა სხვადასხვა გურულ ხალხურ სიმღერებს. მრავალი მოწაფე დაგვიტოვა ამ მართლაც შესანიშნავმა (ვარლამ სიმონიშვილი უწოდებდა თავის მასწავლებელს «შესანიშნავს») მომღერალ-ხელოვანმა.