მელქისედეკ ნაკაშიძე

ცნობილი მგალობლების ბიოგრაფიები

წარმოშობით თავადი იყო, მოწინავე იდეების მიმდევარი. სიმღერისთვის დაბადებული. განსაკუთრებული მუსიკალური სმენა და მახვილი მეხსიერება ახასიათებდა. ამით აიხსნება ხალხური და ეკლესიური სიმღერების ის სიმდიდრე, რომელიც მან დაგვიტოვა.

უამრავი მოწაფე ჰყავდა; მისგან ბევრი რამ შეითვისეს და გაიგეს ისეთმა ნაყოფიერმა მუშაკებმა, როგორიც იყვნენ ვარლამ სიმონიშვილი, სამსონ ჭანუყვაძე, ილიკო ხომერიკი, დიმიტრი პატარავა, არტემ ერქომაიშვილი და სხვ.

მელქისედეკ ნაკაშიძის ოჯახში ძალიან ხშირად იმართებოდა კონცერტები. საერთოდ, გურიაში მელქისედეკის მამის, გიორგი ნაკაშიძის, ოჯახი განთქმული იყო სტუმართმოყვარეობით; აქ თავს იყრიდნენ გურიის წარჩინებული ადამიანები და სასულიერო წოდების მესვეურები. ამ თავყრილობის დროს ჯგუფურად სრულდებოდა საგალობლები და ხალხური სიმღერები. ამ თავისებურ ოჯახურ კონცერტებში მონაწილეობდნენ სტუმრებიც – ნესტორ კონტრიძე, ივანე (ნანე) ხავთასი და სხვ.

იმართებოდა ვოკალური და სიტყვიერი პაექრობა. ბევრ რამეს ამ დროს ერთიმეორისგან სწავლობდნენ. გამოცდილებას და ცოდნას უფროს-უმცროსობის მიხედვით უზიარებდნენ ერთიმეორეს.

1878-1882 წლებში გურული საგალობლების გადასატანად საეკლესიო გალობის აღმდგენმა კომიტეტმა თბილისში მიიწვია გურული სიმღერა-გალობის შემსრულებელთა ტრიო მელქისედეკ ნაკაშიძის, ივანე ხავთასის და ნესტორ კონტრიძის შემადგენლობით; ტრიოს მეთაური მელქისედეკი იყო. მათ მრავალი საგალობელი ჩაუწერინებიათ ნოტებზე. გარდა ამისა მათ დაავალეს სასულიერო სასწავლებელსა და სასულიერო მასწავლებლობა გაეწიათ, რაც მათ მონდომებით შეასრულეს.

სიცოცხლის უკანასკნელ წლებში მელქისედეკ ნაკაშიძე ბათუმში ცხოვრობდა. ოთხმოცი წლის მოხუცს ბათუმელმა მშრომელებმა იუბილე გადაუხადეს; აღნიშნეს მისი ღვაწლი საერო და, განსაკუთრებით, საეკლესიო საგალობლების პოპულარიზაციის საქმეში. იგი სიცოცხლის ბოლო წუთამდე უზიარებდა ახალ თაობას თავის მდიდარ ცოდნას.