ნიკო ხურცია

ცნობილი მგალობლების ბიოგრაფიები

ნიკოს მშობლები მომღერლები იყვნენ. შვილებსაც გამოჰყვათ სიმღერის ნიჭი. ახალსენაკის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკუმში ჩაუნერგა ნიჭიერ მოწაფეს დამსახურებულმა პედაგოგმა ვალერიან გეგეჭკორმა ხელოვნების სურვილი, ამღერებდა, ნოტებს ასწავლიდა.

თექვსმეტი წლისამ სიმღერის ოსტატ რემა შელეგიასთან დაიწყო რაიონულ გუნდში სიმღერა. თავისუფლად ითვისებდა სიმღერის ყველა ხმას. დავაჟკაცებისას ლამაზი ტემბრის ტენორი დაუდგა.

თბილისში წარჩინებით დაამთავრა სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტი მეფუტკრეობის განხრით. აქვე მცირე ხანს მიხეილ ჭიაურელის ხელმძღვანელობით არსებულ სატირის თეატრში მუშაობდა მსახიობად.

ოცი წლისა იყო, 1925 წელს კიწი გეგეჭკორის ხელმძღვანელობით ძუკუ ლოლუას მომღერალთა ბირთვიდან შედგენილ გუნდში რომ დაიწყო სიმღერა.

ქართული ხელოვნების პირველ დეკადაზე თავი გამოიჩინა ხალხური სიმღერების შესრულების მაღალი ტექნიკით, გამომსახველობით და შესრულების თავისებურებით. დაჯილდოვდა საპატიო ნიშნის ორდენით.

დეკადის შემდეგ ჭიათურაში ასწავლის სიმღერებს მუშათა გუნდს. შემდეგ ავალებენ სუჯუნის გუნდის გაწვრთნას. მის მიერ ჩამოყალიბებულმა აბაშის რაიონის გუნდმა მონაწილეობა მიიღო საიუბილეო კინოსურათის, «ახალი სოფლის», გადაღებაში; «მოსტექფილმის» მიწვევით გაემგზავრა მოსკოვში და აბაშის გუნდის მრავალი სიმღერა ჩაწერა; იქვე მრავალი საჯარო კონცერტი გამართა.

მოსკოვის პირველ სასოფლო-სამეურნეო გამოფენაზე წარმატებით გამოვიდა რემა შელეგიასთან ერთად.

საგუნდოდ დაამუშავა «უტუშ ლაშქრული»; სამამულო ომის დროს შეთხზა საჩონგურო სიმღერები (მათგან გამოირჩეოდა სიმღერა «წურწუმიაზე», რომელსაც თვითონ ასრულებდა).