სიმონ გოგლიჩიძე
ცნობილი მგალობლების ბიოგრაფიები
მუსიკალური ფოლკლორით ბავშვობიდანვე იყო გატაცებული. საამისოდ ოჯახის გარემოცვამ შეუწყო ხელი; ოჯახში ყველა მღეროდა, ბავშვსაც ამღერებდნენ. განსაკუთრებით ხშირად იმერულ-რაჭული სიმღერების ჰანგები ესმოდა; მან ეს სიმღერები ძალიან შეიყვარა.
სემინარია ახლად ჰქონდა დასრულებული, როცა 1887 წლიდან იმერეთში დაიწყო მასწავლებლობა. სოფლის დაწყებით სკოლაში, საგნების გარდა, წარმატებით ასწავლიდა სიმღერა-გალობასაც. დიდად გამოადგა თავისი მასწავლებლების, რაჟდენ ხუნდაძისა და ანდრია ბენაშვილისაგან მიღებული მუსიკალური განათლება. კარგად ფლობდა ფორტეპიანოსაც, რომლის საშუალებითაც იგი ბავშვებს გასაგებად გადასცემდა ხალხურ სიმღერებსა და სხვადასხვა საეკლესიო საგალობლებს.
ოთხი წლის შემდეგ სიმონი გორის სასულიერო სასწავლებელში ასწავლის დაწყებით კლასებში; მასვე აქვს დაკისრებული სიმღერა-გალობის მასწავლებლობა. გორში აყალიბებს მოსწავლეთა საკმაოდ მოზრდილ გუნდს და სასწავლებლის კედლებშივე ხშირად მართავს საჯარო კონცერტებს. მის გუნდში წარმატებით გამოდიოდა ჭაბუკი სანდრო კავსაძე, მასთან მღეროდნენ აგრეთვე მოწაფეები: სოსო ჯუღაშვილი (სტალინი), გიორგი გიგიტაშვილი, სალარიძე - ხავერდოვანი ბანის მქონე (შემდეგში სასულიერო პირი), დავით კასრაძე (შემდეგში - მწერალი) და სხვა. სანდრო კავსაძე ძალიან უმადლოდა თავის მასწავლებელს. სასულიერო სასწავლებლის ბოლო კლასებში სწავლის დროს მას სიმონ გოგლიჩიძე ლოტბარობას აკისრებდა. 15-17 წლის სანდრო უკვე გამართულად ლოტბარობდა და მსმენელთა ყურადღებას იპყრობდა. გოგლიჩიძისგან გაიგო სანდრომ ნოტების რაობაც; მისი დახმარებით გორელმა მოწაფემ მრავალი სიმღერა გადაიღო ნოტებზე. ეს იყო სანდროს «პირველი» კონსერვატორია.
გორის შემდეგ სიმონი 1921 წლამდე თბილისის პირველ გიმნაზიაში ასწავლიდა სიმღერა-გალობას. გიმნაზიის გუნდის იმ დროის კონცერტები კარგად იყო ცნობილი საზოგადოებისათვის. შემდეგ ამავე სასწავლებლის შენობაში, თბილისის I საცდელ-საჩვენებელ შრომის სკოლაში, გარდაცვალებამდე განაგრძობდა მასწავლებლობას. მრავალჯერ მოუსმენიათ სკოლის მოწაფეთა გუნდის მიერ დახვეწილი გემოვნებით შესრულებული სიმღერები ხალხური მუსიკის მოყვარულთ.
ზოგადო მოღვაწეობასაც ეწეოდა. ძალიან ხშირად ზაფხულობით თბილისის ახლომდებარე აგარაკებში (კოჯორი, კიკეთი, მანგლისი, წყნეთი) სიმონ გოგლიჩიძე საბავშვო ბაღებსა და სახლებში საზოგადოებრივ საწყისებზე აყალიბებდა ბავშვთა გუნდებს და ამღერებდა როგორც თავისი მასწავლებლის, ანდრია ბენაშვილის, ასევე საკუთრივ მის მიერ შექმნილ საბავშვო სიმღერებს. იგი მთელი არსებით გრძნობდა ბავშვის სამყაროს და ამიტომ საყმაწვილო თამაშობებს მუსიკის თანხლებას უძებნიდა. ასე შეადგინა მრავალი საბავშვო სიმღერა-თამაშობა.