ზაქარია ჩხიკვაძე

ცნობილი მგალობლების ბიოგრაფიები

დაიბადა თელავში, მჭედლის ოჯახში. ოცდაორი წლისამ თბილისის სასულიერო სემინარია დაასრულა. სამუსიკო განათლება სიონის ცნობილ ლოტბართან, ვ. აუშევთან მიიღო და შემდეგ სწავლა ხარლამპი სავანელთან განაგრძო. ამის შემდეგ იგი განეწესა თელავის სასულიერო სასწავლებლის პედაგოგად, თან ქალთა ერთ-ერთ სკოლაში სიმღერა-გალობას და ქართულს ასწავლიდა. ორმოცი წლის განმავლობაში (1889-1929) თბილისის ქართულ გიმნაზიაში სიმღერას ასწავლიდა, პარალელურად ქალთა სასწავლებელსა და უსინათლოთა სკოლაშიც მოღვაწეობდა.

ქართული ფილარმონიული საზოგადოების დაარსების ერთ-ერთი აქტიურ ორგანიზატორად გვევლინება; აქ მრავალი წლის განმავლობაში მდივნობას ეწეოდა საზოგადოებრივ საწყისებზე და სხვა კომპოზიტორებთან ერთად ფილარმონიასთან არსებული სამუსიკო სკოლისა და გუნდის მუშაობაში მონაწილეობდა, მრავალჯერ გამართა სიმღერა-გალობის კონცერტი, რამაც დიდი გამოხმაურება ჰპოვა პრესაში.

ეროვნული სიძველეების მოყვარულმა კულტურის მრავალი ძეგლი აღწერა. ამით მან დახმარება გაუწია ექვთიმე თაყაიშვილს, დიმიტრი გორდეევს, გიორგი ჩუბინაშვილსა და სხვა ცნობილ მეცნიერებს. იყო წერა-კითხვის გამავრცელებელი, საისტორიო-საარქეოლოგიო და საეთნოგრაფიო საზოგადოებების წევრი. მონაწილეობდა ოპერების გადმოქართულების საქმეში. მხარში ამოუდგა ია კარგარეთელს და მასთან ერთად დასადგმელად მოამზადა ქართულ ენაზე თარგმნილი ოპერები «კარმენი», «დემონი», «ფაუსტი», «ფიგაროს ქორწინება», «სევილელი დალაქი» და სხვ. მთავარი მაინც ხალხური სიმღერებისა და საგალობლების გამოვლინება და მოვლა-პატრონობა იყო. გარდა იმისა, რომ მრავალი საგალობელი ჩაიწერა, 1896 წელს ხალხურ სიმღერათა კრებული «სალამური» გამოსცა. ხელნაწერის სახით ინახება კრებული, რომელიც ლადო აღნიაშვილის გუნდის რეპერტუარის ზოგიერთ ხალხურ სიმღერას შეიცავს. მუსიკალური განათლების დიდმა ენთუზიასტმა ჯერ სოხუმში ჩამოაყალიბა ქართული ფილარმონიული საზოგადოების ფილიალი, რომელსაც სამუსიკო სასწავლებლის დაარსება მოჰყვა, ხოლო შემდეგ თელავსა და სიღნაღში საფუძველი ჩაუყარა სამუსიკო სასწავლებლებს. ექვსი წელიწადი (1919-1925) მოღვაწეობდა თელავსა და სიღნაღში სადაც თეორიულ საგნებს ასწავლიდა. მისი უშუალო ხელმძღვანელობით გამოიზარდნენ პროფესიონალი მუსიკოს- მომღერლები: ნიკო სულხანიშვილი, ვანო სარაჯიშვილი, ცნობილი მესტვირე, მოხეტიალე მუსიკოსი ილიკო ქურხული, რომანსების ავტორი გიორგი ჩუბინიშვილი, მომღერლები - კ. ცხომელიძე, ნ. ელიოზაშვილი, კომპოზიტორი აკაკი ანდრიაშვილი, ლოტბარი მიხეილ კავსაძე და მრავალი სხვა.

ხუთი უკანასკნელი წელი თბილისში გაატარა. მეცნიერ მუშაკად იმუშავა ხელოვნების მუზეუმში. მთელ მის სიცოცხლეს მკაფიო ზოლად გასდევდა ხალხური საგუნდო ხელოვნების ფართოდ დანერგვა ხალხში. არაერთხელ ულოტბარნია ხალხური გუნდებისათვის. მის მიერ ჩატარებული ხალხური სიმღერების და საეკლესიო საგალობლების კონცერტები დიდი კულტურული მოვლენა იყო ჩვენს სინამდვილეში.