ლევან მუღალაშვილი

ცნობილი მგალობლების ბიოგრაფიები

შესანიშნავად ფლობდა კახურ ომახიან, ვაჟკაცურ, პოლიფონიურ სიმღერებს. გურჯაანში დაბადებული ათი წლის ლევანი გუთანზე გაიგზავნა. ყრმობის წლები მოჯამაგირეობაში გაატარა. უსწავლელი, მაგრამ წერა-კითხვის კარგი მცოდნე იყო.

ამ საუკუნის დასაწყისში თბილისს ეწვია, პლეხანოვის პროსპექტზე. ინჟინერ პასეკის კანტორაში, დარაჯად მოეწყო, გაიცნო სემინარიელი პეტრე კაპანაძე. კეთილმა ადამიანმა ასწავლა წიგნი და ნოტები, ჩაუნერგა ხალხური მუსიკის სიყვარული, გაამხნევა, აღაფრთოვანა.

როცა ისევ გურჯაანს დაუბრუნდა, გულმოდგინედ შეუდგა ხალხური სიმღერების შესწავლას. შეადგინა მომღერალთა პატარა ჯგუფი და შიგადაშიგ კონცერტები გამართა. როცა კახეთში რკინიგზის გაყვანას შეუდგნენ, პატარა გუნდით მომსახურებას უწევდა მუშებსა და მოსამსახურეებს. ასე, ვაინაჩრობით მიჰყავდა საქმე, წვალობდა, ვიდრე საქართველოში საბჭოთა წყობილება არ დამყარდა.

ლევან მუღალაშვილის მიერ სოფლელებისგან შედგენილი მგალობელთა გუნდი, რომელიც გალობს ს. გურჯაანში მთავარ ანგელოზის ეკლესიაში. (ფოტო და აღწერა "სახალხო გზეთიდან")

და, აი, პირველივე წლებში გურჯაანელებმა 25 წლის იუბილე გადაუხადეს თავის თანამემამულე მუშა-მუსიკოსს. ამან მეტი ენერგია შემატა და მუშაობა უფრო გააჩაღა.

ყველა ოლიმპიადაში პირველ ადგილს ინარჩუნებდა, მოსწონდათ სიმღერების ლაზათიანად და ხალასად შესრულება: «სუფრული», «ლალე», «შვიდნი ძმანი გურჯანელნი» და სხვა სიმღერები აღტაცებას იწვევდა მსმენელებში.

სამამულო ომის დროს მრავალი კონცერტი გამართა. დაჭრილი მეომრები აღტაცებას გამოთქვამდნენ სიმღერებისა და კახური ცეკვების გამო.

დაუღალავი მუშაკი თვითმოქმედი კომპოზიტორია. მოვიხსენიოთ ზოგიერთები, რომლებიც გადმოგვცა მისმა ძმისწულმა, ექიმმა იოსებ მუღალაშვილმა: «დიამბეგო», «ძველი სუფრული», «მკრთალი ნათელი», «კახეთისადმი» (გრიგოლ ორბელიანის ტექსტი), «ერთხელ ვნახე მწყემსი ქალი» და სხვა.