ძუკუ ლოლუა
ცნობილი მგალობლების ბიოგრაფიები
დედა, ჭამჭალა, მომღერალი და მეჩონგურე იყო. ძმები ადრე გარდაეცვალა. დები უსარსანი და ნოტიო ეხმარებოდნენ. გაზარდეს ობოლი ძმა, მერე ხელი შეუწყვეს მომღერალთა გუნდების მრავალგან ჩამოყალიბებაში. შესანიშნავი მუსიკალური სმენის პატრონმა არა მარტო ხალხური, საეკლესიო საგალობლებიც ისწავლა და მოღვაწეობაში ჯეროვნად გამოიყენა.
წარსული საუკუნის მიწურულში მარტვილში მომღერალ-მაგალობელთა გადასამზადებელ კურსებს დაესწრო და დიმიტრი ჭალაგანიძის, ანტონ დუმბაძის, ანდრია ბენაშვილის, ფილიმონ ქორიძისა და ვალერიან გეგეჭკორისაგან ბევრი რამ ახალი გაიგო და შეისწავლა.
იმავე ხანებში დაესწრო სანდრო კავასაძის გუნდის კონცერტს ქუთაისში, სადაც ჩვენი სახელგანთქმული ქართველი მომღერლის, ვანო სარაჯიშვილის, ტკბილმა სიმღერამ და ოსტატობამ მოხიბლა; ამან განაპირობა მისი გადაწყვეტილება – ხალხური სიმღერისთვის მიეძღვნა მთელი თავისი ცხოვრება და ენერგია.
იმავე 1897 წელს სამეგრელოს სოფ. კოკში შეადგინა გუნდი და ქუთაისში გამართა თავისი პირველი კონცერტი. ექვსი წლის განმავლობაში მრავალი კონცერტი გამართა, ბევრგან აგრძნობინა ხალხური სიმღერის ეშხი და ლაზათი.
მისი მასწავლებლები იყვნენ ზუგდიდელი ივანე ჩომახია, ხაბუმელი თადა გოგუა, აბაშელი ლომინ გუგუშვილი. მათგან მრავალი სიმღერა აითვისა და შემდეგ თავის მოწაფეებს კიწი გეგეჭკორს, რემა შელეგიას, კირილე პაჭკორიას, ვლადიმერ ბაბილუას, მიხეილ ხავთასს, ნოკო ჩაჩიბაიას, სერგი ბაქრაძეს, ნიკოლოზ ხვიტიას და სხვებს გადასცა.
თხუთმეტ წელზე მეტ ხანს მოღვაწეობდა სოხუმში. მაშო დადიანი-ანჩაბაძის დახმარებით და სოხუმელ ქართველ ინტელიგენტებთან თანამშრომლობით ძუკუ თეატრალურ და მუსიკალურ საქმეს უძღვებოდა. ზაქარია ჩხიკვაძის დახმარებით დააარსა ფილარმონიული საზოგადოების აფხაზეთის ფილიალი, სადაც მდივნად მუშაობდა.
1919 წლიდან ფოთშია. აქ დაარსებული გუნდით მრავალი კონცერტი გამართა სამეგრელოს დაბა-სოფლებში და ქუთაისში.
საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ იგი საგუნდო საქმის პირველ ინსტრუქტორად დაინიშნა. ასწავლიდა ლოტბარებს, ამხნევებდა კოლეგებს, საზოგადოებრივ მოღვაწეობას ეწეოდა. სიცოცხლეში და შემდეგაც ფოთის საზოგადოებრიობამ მრავალჯერ გადაუხადა ღვაწლმოსილ ადამიანს იუბილე, დააფასა მისი მუშაობა.
იგი ლიტერატორიც იყო, ჟურნალისტბდა. ბევრ ჟურნალ-გაზეთში დაბეჭდა წერილები საგუნდო საქმიანობაზე; გამოქვეყნდა მისი რამდენიმე მოთხრობა.