წმიდა გიორგი მთაწმინდელი
ცნობილი მგალობლების ბიოგრაფიები
გიორგი მთაწმიდელი (1009-1065) - ათონის ივერიის მონასტრის წინამძღვარი. გიორგი თავიდანვე ღვთის სამსახურისთვის განუკუთვნებიათ მშობლებს. შვიდი წლისა უკვე მონასტერში მიუყვანიათ (სამცხის ტაძრისის დედათა მონასტერში, აქვე ყავდათ მიბარებული მისი უფროსი და _ თეკლა) ათი წლის გადაუყვანიათ ხახულის მონასტერში. გასაწვრთნელად იგი ილარიონ თუალელისთვის მიუბარებიათ (თუალის მონასტრის წინამძღვარი), რომელიც ,,ვითარცა მთიები ბრწყინავდა კრებულთა შორის მამათასა". აქ გიორგის გასაოცარი ნიჭი და გულმოდგინება გამოუჩენია. ,,გულად იხუნა ყოველნივე საღმრთონი წერილნი ძუელისა და ახლისა სჯულისანი, რომელნი ოდენ ჩუენსა ენასა პოვნა, და საგალობელნი იგი საწელიწდონი და შეწყობილებანი იგი გალობათანი ყოველნივე მეყსა შინა ზეპირით დაისწავლნა". შესანიშნავად დაუფლებია ბერძნულს. ოცდაათი წლის ასაკში იგი წმიდა მთაზე მიემგზავრება, რამდენიმე წელში იგი ეკლესიის მთავრად და მღვდელთა და მგალობელთა უხუცესად დადგინდა. მოგვიანებით წინამძღვრად დაინიშნა, რის გამოც მთარგმნელობით მოღვაწეობას მონასტრის საქმეების აღსრულების პარალელურად ანხორციელებდა. გიორგი მთაწმიდელს უდიდესი ღვაწლი მიუძღვის ქართული ჰიმნოგრაფიის განვითარებაში. მისი ბიოგრაფის ცნობით ,,რომელნიმე წიგნნი, სრულიად არა ყოფილნი და ენისაგან ჩუენისა უცხონი, სიღრმეთაგან უმეცრებისათა ნათლად გამოაბრწყინვა". გარდა ორიგინალური ჰიმნოგრაფიული მოღვაწეობისა, გიორგიმ განავრცო და სისრულეში მოიყვანა ექვთიმე მთაწმიდელის თარგმანები. სახარება-ოთხთავი, დავითნი, სამოციქულო, დიდი სვინაქსარი, თორმეტივე თვის სრული თუენი, საწელიწდო დღესასწაულის სტიქარონები, უძლისპირო თვითხმოვანი სტაქარონები, დიდი პარაკლიტონი, დიდი მარხვანი, ზატიკი, საწინასწარმეტყველო, კურთხევანი და სხვა მრავალი. ცნობილია, რომ გიორგი მთაწმიდელმა საქართველოდან 80 ბავშვი წაიყვანა ათონის მთაზე გალობის შესასწავლად და განათლების მისაღებად.