მიხეილ კავსაძე

ცნობილი მგალობლების ბიოგრაფიები

პაპა გრიგოლი და მამა ლონგინოზი სოფელ ხოვლეში კარგი მომღერალ-მგალობლები ყოფილან. მიხეილსაც გამოჰყვა სიმღერის ნიჭი. ჯერ გორის სასულიერო სასწავლებელში სწავლობდა, შემდეგ - თბილისის სემინარიაში. ბავშვობაში მოსმენილი ჰქონდა აუშევისა და რატილის ხელმძღვანელობით არსებული გუნდების სიმღერები, რამაც მას ლოტბარობის ჟინი აღუძრა.

არეულობის გამო სემინარიიდან გამორიცხული, თბილისის ქართულ გიმნაზიაში ორ წელიწადს სწავლობდა. აქ მას ბევრი რამ ასწავლა ხალხური სიმღერების შემკრებმა ზაქარია ჩხიკვაძემ.

ჩვიდმეტი წლისა იყო, მოსკოვში რომ გაიპარა, სადაც სარეგენტო კურსებზე შესვლას ფიქრობდა, მაგრამ ეს უსახსრობის გამო ვერ განახორციელა; რამდენიმე თვე მაინც მოახერხა რუსულ საეკლესიო გუნდში გალობა; მოუსმინა სლავიანსკის გუნდს, შალიაპინს, სობინოვს და სხვა. ერთხელ არხანგელსკის საეკლესიო გუნდის გალობასაც დაესწრო.

თბილისში რომ დაბრუნდა, თვრამეტი წლისამ საამხანაგო გუნდი დააარსა; გუნდმა მხოლოდ ორ წელიწადს იარსება. გულმოდგინედ სწავლობს სიმღერებს რატილისაგან და ია კარგარეთელისაგან. ათი წლის განმავლობაში გუნდებში თავისი ბიძის, სანდრო კავსაძის, მოადგილედ მუშაობს, ხოლო სანდროს ჭიათურაში გადასვლის შემდეგ სათავეში უდგება მის გუნდს და აწყობს საკონცერტო მოგზაურობას საქართველოს დაბა-ქალაქებსა და სოფლებში. ინიციატივიანი და მონდომებული მუშაობის წყალობით გუნდი გააძლიერა, 50 კაცამდე გაზარდა და საქართველოს ყველა კუთხეს მოჰფინა ხალხური ჰანგები. უდიდესი კულტურული მოვლენა იყო იმ დროს (1908-1930) გუნდის ესოდენ დიდი მუშაობა.

მიხეილ კავსაძის მუშაობის მეორე, უფრო პროდუქტიული პერიოდი საბჭოთა წესწყობილებას უკავშირდება. ოცდაათი წელიწადი ემსახურებოდა ხალხური სიმღერების გაფურჩქვნას ეს ამაგდარი ოსტატი. ვინ ჩამოთვლის, თუ სად და როდის დაუარსებია გუნდი. რომელი თავისი მოწაფე სად დაუყენებია ლოტბარად, რომელი მომღერალ-სოლისტი მოწაფე გამოუვლენია.

დღენიადაგ მუშათა კლუბებში მღვაწეობდა; გორი იყო მისი სამოღვაწეო ადგილი. ხალასი ხალხური სიმღერები, საფანდურო შაირები, ხალხური ცეკვები, სახუმარო მუსიკალური სცენები – აი, მისი საშრომ-საძიებელი საქმე. სულ 54 წელიწადი იმუშავა. გუნდმა ილიასა და აკაკის დასაფლავებაზე მიიღო მონაწილეობა. გამოდიოდა კოტე მესხის, ლადო მესხიშვილის, ეკატერინე გაბაშვილისა და სხვათა იუბილეებზე. მის არქივში ინახება მრავალი საინტერესო ძველი სიმღერა-გალობა ნოტებზე გადაღებული.

მინიჭებული ჰქონდა ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის წოდება