იოანე პეტრიწი
ცნობილი მგალობლების ბიოგრაფიები
იოანე პეტრიწი მე-11 საუკუნის დასასრულისა და მე-12 საუკუნის დასაწყისის ცნობილი ქართველი საეკლესიო მოღვაწე, ფილოსოფოსი – ნეოპლატონიკოსი, ჰიმნოგრაფი და მთარგმნელია. განათლება მიიღო კონსტანტინეპოლში, მანგანის აკადემიაში. თავისი ორიგინალური მსოფლმხედველობის გამო რენესანსოლოგიაში იგი აღიარებულია ისეთი მნიშვნელოვანი მოვლენის ფუძემდებლად, რასაც აღმოსავლური (ქართული) რენესანსი წარმოადგენდა მე-11 – მე-13 საუკუნეებში. იოანე პეტრიწი საქართველოში დავით აღმაშენებლის მოწვევით ჩამოვიდა და სათავეში ჩაუდგა გელათის აკადემიას, არსენ იყალთოელთან ერთად.
ზოგადად, ქართული ტრადიციული მუსიკალური ხელოვნების, განსკუთრებით კი მისი მრავალხმიანობის კვლევის თვალსაზრისით, გამორჩეული მნიშვნელობის დოკუმენტადაა მიჩნეული იოანე პეტრიწის მიერ ბერძნულიდან ქართულად გადმოღებული და კომენტირებული ნაშრომი „განმარტებაჲ პროკლესათვის დიადოხოსისა და პლატონურისა ფილოსოფიისათვის“. თხზულება წარმოადგენს ანტიკური და თანამედროვე ფილოსოფიის ღრმად მცოდნე ქართველი ფილოსოფოსის ნააზრევს, რომელიც გელათის აკადემიაში სასწავლო დანიშნულებით შეიქმნა. ფილოსოფოსის კომენტარები დართულია პროკლე დიადოხოსის თხზულებაზე „თეოლოგიის საფუძვლები“, რომელიც ისწავლებოდა შუა საუკუნეების ევროპულ აკადემიებში.
თხზულებაში („განმარტებაჲ“) პეტრიწის ინტერესი მუსიკალური ხელოვნებისადმი განსაკუთრებულია. იგი სცნობს „ხელოვანი ღმერთის“ იდეას, რომლის ანარეკლის მიხედვითაა აწყობილი და „ამუსიკალებული“ მთელი სამყარო. ფილოსოფოსის რწმენით სწორედ მუსიკას სხვაზე უკეთ ძალუძს „ხედვა“ და განცდა „ერთისა“. “განმარტებაჲს” დასკვნით ნაწილში უმნიშვნელოვანეს საღვთისმეტყველო დოგმატზე – წმინდა სამების ერთობაზე მსჯელობის დროს, ფილოსოფოსი მუსიკალურ ხელოვნებას მიმართავს როგორც უმთავრეს არგუმენტს, ნიმუშს თეოლოგიური დებულების წარმოსაჩენად. პეტრიწი სამი ჰიპოსტასის – მამა, ძე, სულიწმიდის ერთობის საუკეთესო ანარეკლს ქართულ მრავალხმიანობაში – სამი განსხვავებული ხმის (მზახრი, ჟირი, ბამი) ერთდროულ ხმოვანებაში – „მორთულებაში“ (ბერძნული ჰარმონიის შესატყვისი) ხედავს. ხსენებულ ხმათა სახელწოდებები ორიგინალური ქართულია. ხმათა ამ სახელებს შესატყვისები მუსიკალურ ფოლკლორში დღესაც მოეძებნება.
იოანე პეტრიწის ლექსიკაში დაფიქსირდა მეტად ღირებული მასალა მისი ეპოქის შესაბამისი ეროვნული მუსიკალური ტერმინოლოგიიდან, რომელიც უშუალოდ უკავშირდება მრავალხმიანობას. განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს ქართველი ფილოსოფოსის მიერ მის თანამედროვე ფილოსოფიურ ლექსიკაში აღიარებული კატეგორიის – „ჰარმონიის“ იგნორირების ფაქტი. „ჰარმონიის“სანაცვლოდ, რომელიც შუა საუკუნეების მუსიკალურ თეორიაში ერთხმიან, ლინეარულ მუსიკალურ დიალექტიკას აღნიშნავდა, ქართველმა ფილოსოფოსმა გამოიყენა მრავალხმიანობასთან დაკავშირებული ქართული მუსიკალური ტერმინოლოგია: „ნართი“, „რთვა“, „მორთულება“ და ა.შ. მუსიკალური დიალექტიკის გაგების თვალსაზრისით, ბერძნული „ჰარმონიის“ და მისი შესატყვისი ქართული ცნებების შინაარსი თვისებრივად განსხვავებულია. პეტრიწისეული მუსიკალური „ნართი“, „რთვა“ წმინდა სამების მუსიკალური ანალოგიაა, რომელიც ერთდროულობაში, ვერტიკალში განხორციელებულ სამი ხმის დიალექტიკურ ერთიანობას გულისხმობს.
მე-12 საუკუნის დასაწყისის ქართულ ფილოსოფიურ თხზულებაში მრავალხმიანი აზროვნების დამადასტურებელი მუსიკალური ტერმინოლოგიის ფაქტი, თუ უფრო ადრე არა, მე-11 საუკუნეში მაინც უდავოს ხდის მრავალხმიანობის არსებობას საქართველოში.