კარბელაშვილები

ცნობილი მგალობლების ბიოგრაფიები

კარბელაშვილები - ამ საგვარეულოს მოღვაწეთა წყალობით ჩვენამდე მოაღწია ქართული გალობის აღმოსავლური სკოლის საგალობლების უამრავმა ნიმუშმა. ამ კილოს "კარბელაანთ კილოსაც" უწოდებენ. კარბელაშვილთა გვარი თითქმის სამი საუკუნის განმავლობაში გადასცემდა თაობიდან თაობას სრული მგალობლის (ყოველი საგალობლის სამივე ხმის შესრულებისა და ლოტბარობის) ტრადიციას. ყველაზე ადრეული ცნობები პეტრე გრიგოლის ძე კარბელაზე (ხმალაძეზე) მოგვეპოვება. 1754-1848 წწ. იგი მეფე ერეკლეს კარზე გოგია ამილახვრის მსახურად იზრდებოდა. გერონტი იეროდიაკონის მსგავსად, მანაც გარედან ყურისგდებით შეისწავლა სრული გალობა. მოგვიანებით დაბრუნდა სოფელ ჭალაში, საიდანაც სამთავისში დადიოდა გალობის მასწავლებლად. 1816 წლამდე მთელი რეხის ხეობაში ავრცელებდა გალობას და ლოტბარობდა სამთავისის ტაძრის გუნდს. მოგვიანებით ლოტბარად მიიწვიეს მარტყოფში. პეტრეს მთელი ოჯახი გალობდა, მაგრამ განსაკუთრებული ნიჭი გრიგოლს დაჰყოლია (მომავალში მღვდელს). 1812-1880 რვა წლის გრიგოლი უკვე კითხულობდა სამოციქულოს და გალობდა შიომღვიმის მონასტერში. თხუთმეტი წლისა უკვე დიაკვნად გაუმწესებიათ. მისი გალობის მოსმენისას მონასტერში სტუმრად მოსულ გერონტი არქიმანდრიტს (სოლოღაშვილს) ნიჭიერი ყმაწვილის მისთვის გატანება უთხოვია, თან წაუყვანია და გარეჯის მონასტერში ხუთ-ექვს წელში მწერალ-მწიგნობრობა და სრული გალობა უსწავლებია.

გარკვეული ხანი გრიგოლი მამასთან ერთად ხელმძღვანელობდა გუნდს. მღვდლად კურთხევის შემდეგ (1844) იგი გამუდმებით ინახავს თავის ოჯახში სამ-ოთხ სამღვდლოდ გამზადებულ ახალგაზრდას, ასწავლის მათ წერა-კითხვას და გალობას.

862 წელს გრიგოლ კარბელაშვილი ბოდბის წმიდა ნინოს მონასტერში გახსნილ გალობის სასწავლებელში მიიწვიეს მასწავლებლად, რომლის დაარსების ინიციატორიც მონასტრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი მაკარი (მატათაშვილი) იყო. ამ სასწავლებლის წყალობით მალევე აყვავებულა კახეთის მხარეში ძველი გალობის ცოდნა. ორიოდ წელში გრიგოლი წარმატებული მუშაობის გამო, ეგზარქოსის სურვილით, თბილისის სემინარიაში გადაუყვანიათ სადაც რვა წლის განმავლობაში, რუსეთის მიერ განხორციელებული რეაქციული პოლიტიკის შედეგად _ ქართულ ენაზე კითხვისა და ქართული გალობის აკრძალვამდე მუშაობდა.

აღსანიშნავია, რომ გრიგოლის ხუთივე ვაჟიშვილი სასულიერო სამსახურში ჩადგა და მთელი ცხოვრება სულიერი და ეროვნული კულტურის მოვლა-პატრონობაზე ზრუნვას შეალიეს. მათი საოჯახო გუნდის გალობა ისეთი კეთილხმოვანი ყოფილა, მოსასმენად სხვადასხვა სოფლებიდან მოდიოდნენო.

განსაკუთრებული გავლენა ძმების განათლებაზე მოუხდენია უფროს ძმას ფილიმონს (1836-1879), რომელმაც ჯერ მამისგან მიიღო საოჯახო განათლება, ხოლო შემდეგ თბილისის სასულიერო სემინარია დაამთავრა (1859). 1860 წელს მღვდლად კურთხვის შემდეგ ფილიმონი მშობლიურ მხარეში დაბრუნდა. სწორედ აქედან იწყება მისი აქტიური საეკლესიო მოღვაწეობა. ცნობილია, რომ ფილიმონის მიერ აღვლენილ მსახურებაზე, სადაც უმცროსი ძმებიც გალობდნენ, მრევლი სამთავისის მომიჯნავე სოფლებიდანაც კი მოდიოდა და ტაძარში ტევა აღარ იყო. ფილიმონს გლეხის ბავშვებისთვის სკოლა ჰქონდა გახსნილი, სადაც საქართველოს ისტორიას, გალობას, წერა-კითხვასა და ანგარიშს ასწავლიდა. იგი ქადაგების, გალობისა და პედაგოგობის საოცარი უნარით გამოირჩეოდა, რის გამოც მას „სანიმუშოს“ უწოდებდნენ. ფილიმონი 1879 წელს ნაადრევად გარდაიცვალა, დაკრძალულია სამთავისის ტაძრის ეზოში.

მღვდელმოწამე ანდრია კარბელაშვილი (1851-1924 წწ.) კარბელაშვილების ოჯახში რიგით მეორე შვილია, რომელმაც დაწყებითი განათლება ოჯახის წევრებისგან მიიღო. მისი ძმები და თანასოფლელები მღვდელ ანდრიას ახასიათებდნენ, როგორც გამორჩეულ მწიგნობარ-მგალობელს, სანიმუშო მოძღვარს და ქრისტეს სწავლების ჭეშმარიტ მქადაგებელს. 1903 წელს იგი სოფელ ქვემო ჭალის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძრის წინამძღვრად დაადგინეს. კომუნისტური რეჟიმის დამყარებისთანავე მოძღვარი შეავიწროვეს და მოსთხოვეს ღვთისმსახურების დატოვება. ამ პერიოდში ბოლშევიკური მთავრობის მესვეურები ანადგურებდნენ თავადაზნართა ქონებას. ამილახვრების სასახლის ქონება, ძვირფასი და ისტორიული ნივთების დიდი ნაწილი დეკანოზ ანდრიას ძალისხმევით გადაურჩა განადგურებას. 1924 წლის აჯანყების დროს ქართლის ინტელიგენციასთან ერთად გორში დასაკითხად წაყვანილი ძმები ანდრია და პეტრე, სხვა ეჭვმიტანილებთან ერთად, ტირიფონას ველზე დახვრიტეს.

წმიდა მღვდელმოწამე პეტრე კარბელაშვილმა (1860-1924) განათლება გორის სასულიერო სასწავლებელში მიიღო. 1878 წლიდან იგი სხვადასხვა სამრევლოში მედავითნეობდა და ასწავლიდა კითხვას. 1889 წლიდან თბილისის სასულიერო სემინარიაში ქართლ-კახურ გალობას ასწავლიდა. 1900 წლიდან მღვდლად აკურთხეს და ჯერ მშობლიურ სოფელ საკორინთლოში, ხოლო შემდგომ შიდა ქართლის ტერიტორიაზე მდებარე ეკლესია-მონასტრებში აგრძელებდა სასულიერო მოღვაწეობას. 1920-იანი წლებიდან მსახურობდა მუხრანის სამრევლოში, საიდანაც 1924 წელს სხვა თანასოფლელებთან და ძმასთან – დეკანოზ ანდრიასთან ერთად ტირიფონას ველზე დახვრიტეს. სწორედ მისი განვლილი გზისა და მოწამეობრივი აღსასრულის გამო შერაცხა ქართულმა ეკლესიამ დეკანოზები ანდრია და პეტრე მღვდელმოწამედ.

წმიდა აღმსარებელი პოლიევქტოსი (1855-1936 წწ.) თანამოაზრეებთან და ძმებთან ერთად აქტიურად იყო ჩართული ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საზოგადოებრივ-კულტურულ თუ პოლიტიკურ ცხოვრებაში, ვინაიდან XIX-XX საუკუნის მიჯნა ძალზე რთული იყო საქართველოს სახელმწიფოებრიობისა თუ ეკლესიის ავტოკეფალიის დაცვის თვალსაზრისით. იგი ჩართული იყო საქართველოს ავტოკეფალიის აღდგენის საქმეში, ქართული ენის, უძველესი ქართული ხელნაწერებისა და საგანძურის, არქიტექტურული ძეგლების დაცვისა და აღწერის საშვილიშვილო საქმეში. აღმსარებელ პოლიევქტოსს განსაკუთრებული ღვაწლი მიუძღვის ქართული გალობის გადარჩენის საქმეშიც.

კარბელაშვილებმა სწორად შეაფასეს ქართული გალობის მდგომარეობა, უდიდესი კულტურული მონაპოვრის სამუდამოდ დაკარგვის საშიშროება და სანოტო სისტემაზე გადატანის აუცილებლობა, რაც მომავალში განახორციელეს კიდეც. მათ შემოგვინახეს საუკუნეებგამოვლილი აღმოსავლეთ საქართველოს სამგალობლო სკოლის მწუხრის, ცისკრის, წირვის, შობის და სხვა წმინდათა თუ საუფლო დღესასწაულთა საგალობლები, რომელთაც დღეს „კარბელაშვილების კილოდ“ მოიხსენიებენ. იგი აერთიანებს აღმოსავლეთ საქართველოში მდებარე სხვადასხვა ეკლესია-მონასტრის სამგალობლო ტრადიციას. დეკანოზი პოლიევქტოსი ავტორია მრავალი ნაშრომისა და წიგნისა: „ქართული საერო და სასულიერო კილოების ისტორიული მიმოხილვა“, „იერარქია საქართველოს ისტორიისა“, „ძველი ანჩისხატის ტაძარი თბილისში“, აგრეთვე, სხვა მრავალი პუბლიკაციისა თუ წერილისა, რომელიც ეხებოდა საქართველოს ეკლესიის ისტორიასა და წმინდანთა ცხოვრებას.

წმიდა აღმსარებელი სტეფანე (ვასილ კარბელაშვილი) (1855-1936 წწ.) პირველდაწყებით განათლებას ოჯახში ეზიარა, შემდეგ გორის სასულიერო სასწავლებელში განაგრძო სწავლა. სტეფანე 1881 წელს წარმატებით ამთავრებს სემინარიას. 1882 წელს იგი მიემგზავრება მოსკოვის კონსერვატორიაში, საიდანაც მოკლე ხანში ბრუნდება სამშობლოში (1883 წელს). 1883 წელს აკურთხეს დიაკვნად და ამავე წელს მღვდლად, მსახურობდა თბილისსა და კახეთში მდებარე ეკლესია-მონასტრებში, ხოლო 1925 წლის 24 ოქტომბერს დეკანოზი ვასილი ბერად აღკვეცეს სტეფანეს სახელით და დაადგინეს ბოდბის ეპისკოპოსად. იგი სხვადასხვა დროს ასწავლიდა საეკლესიო-სამრევლო სკოლებსა თუ სემინარიაში. ქართული ენა, საღვთო სჯული, მუსიკა, გალობა – ეს იმ საგანთა ნუსხაა, რომელსაც მამა ვასილი მომავალ თაობას გადასცემდა, ხშირად მხოლოდ ენთუზიაზმით.

ცნობილია, რომ 1882 წლიდან საქართველოში დაიწყო ქართული საგალობლების ნოტებზე გადაღების უმნიშნელოვანესი პროცესი. დასავლეთ საქართველოს საგალობლებს ფილომონ ქორიძე იწერდა, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს საგალობლების ჩაწერა მიხეილ იპოლიტოვ-ივანოვს ხელმძღვანელობდა, ხოლო ეპისკოპოსი ალექსანდრე ოქროპირიძე ვალდებულებას იღებდა მისთვის გალობის მცოდნე პირები მიევლინა. ასეთებად კი ეპისკოპოსი ალექსანდრე ძმებ ვასილ და პოლიევქტოს კარბელაშვილს, გრიგოლ მღებრიშვილის და ალექსანდრე მოლოდინაშვილის მოიაზრებდა. ქართლ-კახური საგალობლების ნოტებზე გადატანის საქმე ნაყოფიერად დასრულდა და 1896 წელს გამოიცა ქართლ-კახური კილოს საგალობლების პირველი ნაწილი „მწუხრი“, 1898 წელს მეორე ნაწილი – „ცისკარი“. 1899 წელს მამა ვასილის რედაქტორებით დაიბეჭდა იოანე ოქროპირის წირვის წესიც.

1928 წელს ეპისკოპოსი სტეფანე ბოდბის ეპარქიიდან ალავერდის ეპარქიაში გადაიყვანეს. 1934 წლიდან ავადმყოფობის გამო ვეღარ ახერხებს ღვთისმსახურების ჩატარებას. 1936 წელს კი პენსიაზე გასული, ქართველი ხალხისთვის დამაშვრალი ეპისკოპოსი სტეფანე გარდაიცვალა. მამა ვასილის ცხოვრებაში იყო დევნა, ქვეყნიდან გადასახლება, შევიწროება. თუმცა მას არ შეუწყვეტია სასულიერო თუ საზოგადოებრივი აქტივობა. XIX-XX ს-ის ჟურნალ-გაზეთები ინახავს მის გამოქვეყნებულ მრავალ წერილს, რომელიც ეხება იმ პერიოდისთვის მნიშვნელოვან და პრობლემურ საკითხებს.

კარბელაშვილები საქართველოსთვის რთულ და ისტორიულად მნიშვნელოვან წლებში ქართული სიმღერა-გალობის და ეროვნული თვითმყოფადობის შენარჩუნების საქმეში ერთგულ მებრძოლებად გვევლინებიან. მომავალი თაობის საკეთილდღეოდ გაწეული უანგარო და სამაგალითო მსახურებისათვის ხუთი ძმა კარბელაშვილი საქართველოს ეკლესიის წმიდა სინოდმა 2011 წლის 20 დეკემბერს წმინდანებად შერაცხა და მათი ხსენების დღედ – ძმათა პეტრესი და ანდრიას ტირიფონას ველზე მოწამეობრივად აღსრულების დღე – 6 სექტემბერი დააწესა.