ისტორია
ქართული გალობის შესახებ
ქართული საეკლესიო გალობის ისტორია უშუალოდაა დაკავშირებული საქართველოში ქრისტიანობის შემოღებასა და გავრცელებასთან. ქრისტიანობა საქართველოში I საუკუნეში იქადაგეს მოციქულებმა ანდრია პირველწოდებულმა, სიმონ კანანელმა და მატათამ; IV საუკუნეში (325 წ.) კი, იგი უკვე სახელმწიფო რელიგიაა.
ქართული გალობა, როგორც ქართული ქრისტიანული ღვთისმსახურების განუყოფელი ნაწილი, სათავეს იღებს იმ პერიოდიდან, როდესაც ქართულად ითარგმნა სახარება, წირვის საგალობლები და ფსალმუნები. ამას მოწმობს ჩვენამდე მოღწეული პირველი ქართული ლიტერატურული ძეგლი – „შუშანიკის წამება“ (V ს.), რომელშიც განცალკევებულად მოიხსენება „ევანგელეი“, „ფსალმუნება“ და „გალობა“. V საუკუნეში საქართველოს ეკლესიამ ბიზანტიური ეკლესიისაგან დამოუკიდებლობა – ავტოკეფალია მოიპოვა. ამ დროიდან ქართულ ქრისტიანულ კულტურას ეროვნული იდენტობის გამოხატვისაკენ სწრაფვა ახასიათებს. წერილობით დადასტურებულია, რომ ქართულ ეკლესიაში უკვე VI საუკუნეში წირვა-ლოცვა ქართულად აღევლინებოდა, რაც იმაზე მეტყველებს, რომ სწორედ ამ პერიოდში უნდა ჩამოყალიბებულიყო ორიგინალური ქართული გალობა. IV–VI საუკუნეებში დაწყებული გალობის (ჟამისწირვის საგალობლები და ფსალმუნები) განვითარება, მოგვიანებით, სხვა ქრისტიანულ ეკლესიათა გავლენით, ჩვენშიც ახალი ჰიმნოგრაფიული ჟანრების (ტროპარი, კონდაკი, კანონი და ა.შ.) ფორმირება-განვითარების პროცესთან ერთად გაგრძელდა.
ქართული ქრისტიანული კულტურა ვითარდებოდა როგორც ადგილობრივ, ისე საქართველოს საზღვრებს გარეთ არსებულ სულიერ კერებში – პალესტინაში, სინას მთაზე, ათონზე, იერუსალიმში და ამდენად, მუდმივი შეხება ჰქონდა სირია-პალესტინურ, ბიზანტიურ, კოპტურ და სხვა თანადროულ ქრისტიანულ კულტურებთან. V–VIII საუკუნეებში პალესტინასა და სინას მთაზე ოცამდე ქართული სავანე ყოფილა. მათ შორის გამოირჩეოდა საბა განწმენდილის ლავრა, სადაც საფუძველი ჩაეყარა ორიგინალურ ქართულ ჰიმნოგრაფიას (VII ს.), რომელიც, თავდაპირველად ბერძნულიდან თარგმნილი ჰიმნებით იყო წარმოდგენილი. თარგმნილმა ჰიმნოგრაფიულმა მასალამ თავი მოიყარა უძველეს ქართულ ძეგლებში – ლექციონარებში. შემორჩენილია ლექციონარის უძველესი რედაქციის რამდენიმე ნუსხა (კალის, ლატალის, პარიზის და სინური ნუსხები), რომლებიც ასახავენ იერუსალიმის ლიტურგიკულ პრაქტიკას V საუკუნის მიწურულიდან ვიდრე X საუკუნემდე. ლექციონარში უკვე ჩანს გალობის შესრულების სამი ძირითადი სახე: რესპონსორული, ანტიფონური და ცალპირული.
ლექციონარების საფუძველზე შეიქმნა პირველი დამოუკიდებელი ჰიმნოგრაფიული კრებული – იადგარი, რომელშიც ერთიანდებოდა მთელი წლის განგებებზე შესასრულებელი საგალობლები. შემორჩენილია უძველესი იადგარის რამდენიმე ნუსხა, რომელთაგან მხოლოდ ერთია დაცული საქართველოში, დანარჩენი კი (IX, X სს.) სინას მთის წმინდა ეკატერინეს მონასტრის ქართულ ხელნაწერთა კოლექციაში. უძველესი იადგარები შეიცავენ უნიკალურ ცნობებს ბიზანტიური და ქართული ჰიმნოგრაფიის განვითარების ადრეული საფეხურებისა და საგალობლების შესრულების წესზე. მაგალითად, აქ უკვე ჩანს „გალობის“ ცნებისა და ანტიფონური შესრულების აღმნიშვნელი ადრინდელი ქართული სინონიმები.
X საუკუნიდან არაბთაგან შევიწროებული წმინდა მიწის სავანეებიდან ქართველობამ საბაწმიდური ხელნაწერები აღმოსავლეთ საქრისტიანოს სხვადასხვა მონატერში გადაიტანა. სავარაუდოდ, სწორედ ამ გზით მოხვდნენ ისინი სინას მთაზე, სადაც გრძელდებოდა საბაწმიდის ჰიმნოგრაფიული სკოლის ტრადიციები.
ქართული ჰიმნოგრაფიის განვითარების შემდგომი ეტაპი დაკავშირებულია ტაო-კლარჯეთის სამონასტრო სკოლებთან, რომელთა მესვეური იყო IX საუკუნის დიდი საეკლესიო მოღვაწე, ღირსი მამა გრიგოლ ხანძთელი. მას თავად შეუთხზავს საგალობელთა სრული კრებული – „საწელიწდო იადგარი“, რომელმაც ნიადაგი მოუმზადა ორიგინალური ჰიმნოგრაფიის შემდგომ განვითარებას. IX საუკუნიდან, მთარგმნელობითი პროცესის პარალელურად, ინტენსიურად ვითარდება ორიგინალური ჰიმნოგრაფიული შემოქმედება. განვითარების ეს პროცესი დაგვირგვინდა X საუკუნის ე.წ. დიდი იადგარების შექმნით (წვირმის იადგარი, იელის იადგარი, მიქაელ მოდრეკილის იადგარი). განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მეხური დიდი იადგარები. მეხური ქართული ჰიმნოგრაფიული ტერმინია, რომელიც აღნიშნავს ახალი „მარცვლედოვანი საზომით“ დაწერილ (ან თარგმნილ) და მელოდიასთან შეწყობილ საგალობლებს. მეხური იადგარები შეიცავენ მუსიკალური დამწერლობის უძველეს ნიშნებს – ნევმებს. რვა ხმის სისტემის დაკანონებამ და ძლისპირ-დასდებლის ფორმის გაბატონებამ ნევმური ნოტაციის შემოღების საჭიროება მოიტანა. ამ დროს ყალიბდება ჰიმნოგრაფის ახალი ტიპი – “მეხელი”, ანუ “დასდებლის მეცნიერებაში” დახელოვნებული პირი, რომლის ამოცანას შეადგენდა ადრებიზანტიური რიტმული პოეზიის ნიმუშების ქართულად თარგმნა მათი რიტმული სახის დაცვით და ჰანგის მორგება და განაწილება ბერძნულიდან თარგმნილ ქართულ ტექსტზე. მეხურ იადგარებს შორის გამოირჩევა მიქაელ მოდრეკილის კრებული “საწელიწდო იადგარი” (S-425), რომელშიც თავმოყრილი და სისტემატიზებულია მანამდე არსებული მთელი ჰიმნოგრაფიული მემკვიდრეობა – ნათარგმნი და ორიგინალური. იადგარიდან ჩანს, რომ ამ პერიოდისათვის ქართველები თხზავდნენ ორიგინალურ ძლისპირებსა და მათ მუსიკას. კრებული შედგენილია 977–988 წლებში, აღკაზმულია ნევმებით.
XI საუკუნიდან ქართული ქრისტიანული ლიტერატურისა და მუსიკის უმძლავრესი კერაა ათონის ივერთა მონასტერი. ამ სკოლის ფუძემდებლების, წმინდა მამების – ექვთიმე და გიორგი მთაწმინდელების სახელებს უკავშირდება ქართული ჰიმნოგრაფიის ახალი ეტაპი და ჰიმნოგრაფიული თარგმანების ახალი პრინციპები. ათონელმა მამებმა ბერძნულიდან თარგმნეს უმნიშვნელოვანესი ჰიმნოგრაფიული კრებულები. ათონის ივერთა მონასტერში ძველი ტიპის „საწელიწდო იადგარები“ შეიცვალა ახალი ტიპის კრებულებით – თთუენით. განსაკუთრებით აღსანიშნავია გიორგი მთაწმიდელის მიერ შედგენილი „თთუენი“, სადაც მან თავი მოუყარა ამა თუ იმ წმინდანისადმი მიძღვნილ ყველა ავტორის საგალობელს. მსგავსი სისრულით „თთუენი“ ბერძნულ ენაზეც არ არსებობდა. გიორგი მთაწმიდელი არა მხოლოდ მთარგმნელობით საქმიანობას ეწეოდა, არამედ თავადაც ქმნიდა ორიგინალურ ტექსტებსა და მუსიკას.
XI საუკუნეში მნიშვნელოვან ლიტერატურულ-ფილოსოფიურ კერას წარმოადგენდა პეტრიწონის მონასტერი (ბულგარეთი), 1083 წ. აშენებული ეროვნებით ქართველი გრიგოლ ბაკურიანის ძის მიერ. მონასტერში დაარსებულ სემინარიას 20 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა იოანე პეტრიწი – ცნობილი საეკლესიო მოღვაწე, ქართველი ფილოსოფოსი-ნეოპლატონიკოსი, რომლის სახელთანაა დაკავშირებული შუა საუკუნეების ქართული მუსიკალურ-ესთეტიკური აზროვნების ჩამოყალიბება და ქართული მრავალხმიანობის ჩვენამდე მოღწეული პირველი წერილობითი დადასტურება. თავის შრომაში „განმარტებაი პროკლეს დიადოხოსისა და პლატონურისა ფილოსოფიისათვის“ იგი ასახელებს სამი ხმის იმდროინდელ სახელწოდებებს: „მზახრ“ (ნიშნავს „მძახებელს“), „ჟირ“ („ორი“), „ბამ“ (იგივეა, რაც ბანი) და ქართველ მკითხველს მუსიკალური ანალოგიით – სამი ხმის „შეყოვლებით“ შექმნილი ერთობლიობის მაგალითზე – უხსნის სწავლებას ღვთაებრივი ერთარსება სამების შესახებ. ჩანს, რომ პეტრიწის დროს პოლიფონია საქართველოში ჩვეულებრივი მოვლენა იყო, ხოლო ხმების ორიგინალური სახელები – ყველასათვის კარგად ცნობილი, სწორედ ამიტომ ფილოსოფოსი სამების დოგმატს ქართველებისათვის კარგად ნაცნობი ცნებებით განმარტავს.
XII საუკუნიდან ადგილობრივ საგანმანათლებლო-სასულიერო კერებს შორის უმნიშვნელოვანესია გელათის მონასტერი, რომელიც დავით აღმაშენებლის თაოსნობით დაარსდა. ეს მონასტერი XX საუკუნის დასაწყისის ჩათვლით ქართული საეკლესიო გალობის ერთ-ერთ უმთავრეს კერას წარმოადგენდა.
როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ყველა ზემოხსენებულ რელიგიურ-კულტურულ ცენტრში ვითარდებოდა და თაობიდან თაობას გადაეცემოდა არა მხოლოდ ჰიმნოგრაფიული ჟანრები, არამედ ქართული გალობის ყველა პლასტი. ამასთან, ჰიმნოგრაფიის ასეთი მძლავრი განვითარება და თვითმყოფადობა თავისთავად მიანიშნებს ძირითადი ლიტურგიკულ-მუსიკალური ჟანრის – ჟამისწირვის და მის საგალობელთა განვითარების ინტენსივობაზე. შემთხვევითი არაა, რომ XIX საუკუნემდე მოღწეულ და ნოტირებულ სამგალობლო ტრადიციაში განსაკუთრებული მელოდიური, პოლიფონიური და ჰარმონიული განვითარებულობითა და მრავალფეროვნებით, სწორედ ჟამისწირვის ჰიმნები გამოირჩევიან.
XIII-XVI საუკუნეებში საქართველოში შექმნილი მძიმე ვითარების შედეგად ქართული საგალობო ხელოვნება დაცემის გზას დაადგა. გაძარცვულ ტაძრებში ბევრი ჰიმნოგრაფიული კრებული განადგურდა. დარბევას გადარჩენილ ეკლესია-მონასტრებში კვლავაც ჟღერდა და თაობიდან თაობას გადაეცემოდა ქართული საგალობელი, რომელმაც არსებობისთვის კიდევ ერთი, ალტერნატიული გზა იპოვა – მან ეკლესიის წიაღიდან საერო ცხოვრებაში გადმოინაცვლა და ხალხურ სიმღერასთან დაახლოებით განვითარების ახალი სტიმული შეიძინა. მიუხედავად მძიმე ისტორიული პირობებისა, როგორც ჩანს, ქართული გალობის ბუნებრივი განვითარების პროცესი, მეტად ნელა, მაგრამ მაინც მიმდინარეობდა. ამაზე მიუთითებს ჩვენამდე მოღწეული XVII-XVIII საუკუნეებით დათარიღებული „სადღესასწაულოდ“ წოდებული ჰიმნოგრაფიული კრებულები და XIX საუკუნემდე მოღწეული და ნოტირებული ათასობით საგალობელი.
XVIII საუკუნის დასასრულს ქართლ-კახეთის მეფე ერეკლე II-მ ითავა გალობის აღდგენა-აღორძინების საქმე. ამ მიზნით ჩამოყალიბდა სვეტიცხოვლის საკათალიკოსო სკოლა, სადაც გალობას ასწავლიდნენ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან საგანგებოდ მოწვეული ცნობილი მგალობლები. გამოცოცხლების ეს პერიოდი ხანმოკლე აღმოჩნდა. საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის გაუქმებამ (1811 წ.), ქართულ ტაძრებში ქართული ენისა და გალობის აკრძალვამ და რუსული წირვა- გალობის დამკვიდრებამ ქართული გალობა განადგურების საფრთხის წინაშე დააყენა.
XIX საუკუნის II ნახევრიდან რუსეთის იმპერიული პოლიტიკის წინააღმდეგ მიმართულმა ეროვნულ-გამათავისუფლებელმა მოძრაობამ საფუძველი დაუდო ბრძოლას ქართული ტრადიციული ღირებულებების, მათ შორის, გალობის გადარჩენისათვის. ამ პერიოდში საგალობლების ნოტებზე გადატანით, ფაქტობრივად, დასრულდა შუასაუკუნეების ქართული ქრისტიანული სასულიერო მუსიკის განვითარების 15 საუკუნოვანი ისტორია.
გალობის საუკეთესო მცოდნეთაგან საგალობლების ჩაწერაში განსაკუთრებული ღვაწლი მიუძღვით წმ. ფილიმონ ქორიძეს, წმ. ეპისკოპოს გაბრიელ ქიქოძეს, ანტონ დუმბაძეს, დიმიტრი ჭალაგანიძეს, ივლიანე წერეთელს, დეკანოზ რაჟდენ ხუნდაძეს, წმ. Eიღუმენ ექვთიმე კერესელიძეს, წმ. ეპისკოპოსებს ალექსანდრე ოქროპირიძესა და სტეფანე (ვასილ) კარბელაშვილს, წმ. დეკანოზ პოლიევქტოს კარბელაშვილს, ალექსანდრე და დავით მოლოდინაშვილებს, მიხეილ ელიზბარაშვილს, ფილიმონ კარბელაშვილს, დავით ჩიჯავაძე-მიხაილოვს და სხვ. აღსანიშნავია რუსი მუსიკოსების – მიხეილ იპოლიტოვ-ივანოვის, ქრისტეფორე გროზდოვისა და ნიკოლოზ კლენოვსკის დამსახურება. ამ პიროვნებათა შემწეობით ნოტირებულია ათასობით საგალობელი, რომლებიც ამჟამად დაცულია საქართველოს კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში, საქართველოს ეროვნულ არქივსა და საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრში. საგალობელთა ნოტირების საქმეში არანაკლებ მნიშვნელოვანია საქართველოში პირველი სანოტო სტამბის დამაარსებლის – მაქსიმე შარაძისა და ამ საქმეში მის ხელისშემწყობთა – წმ. ილია მართლის (ჭავჭავაძე) და ალექსანდრე ხახანაშვილის როლი.
1921 წლიდან ქართულ გალობას და, საერთოდ, სულიერებას კიდევ ერთი საშიში დაბრკოლება აღუდგა წინ – კომუნისტური ტოტალიტარული რეჟიმი, რომელიც განსაკუთრებული სისასტიკით ებრძოდა ქრისტიანულ რელიგიას. ძველი ქართული გალობა გარკვეული პერიოდის მანძილზე დაკარგული აღმოჩნდა, თუმცა ქართული საზოგადოება ამას ძნელად ეგუებოდა. საბჭოური რეჟიმის პირობებშიც, 1960-იან წლებში თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში მომღერალ-მგალობელთა უკანასკნელი წარმომადგენლის, არტემ ერქომაიშვილისაგან (1887–1967) ასამდე საგალობელი ჩაიწერეს, ხოლო სახელგანთქმული ფოლკლორული ანსამბლები „გორდელა“ და „რუსთავი“ სცენაზე თუ აუდიო-ჩანაწერებში საგალობლებს „ქორალის“ სახელით ასრულებდნენ. 1978 წლიდან საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის თაოსნობით ეკლესიებში აჟღერდა სხვადასხვა კომპოზიტორის მიერ შექმნილი საგალობლები და ძველი ტრადიციული გალობის ნიმუშები.
ქართული ტრადიციული გალობის მასშტაბური აღორძინება დაიწყო XX საუკუნის 80-იანი წლებიდან, როდესაც თბილისის ანჩისხატის ტაძრის გუნდის წევრებმა მოიძიეს ქართული გალობის სანოტო გამოცემები და ჩანაწერები და ღვთისმსახურებაში ააჟღერეს ეს უძველესი მუსიკა. დღეისათვის, საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდის განჩინებით, ქართულ ტაძრებში ღვთისმსახურება აღევლინება მხოლოდ ძველი ქართული საეკლესიო საგალობლების თანხლებით.
თამარ ჩხეიძე
წყარო: http://db.folk.gov.ge