ლიტურგიკული წიგნები

ქართული გალობის შესახებ

ქართველმა ჰიმნოგრაფებმა ადრეულ შუა საუკუნეებშივე თარგმნეს ყველა ლიტურგიკული კრებული, რაც კი შეუმუშავებია მართლმადიდებლურ ეკლესიას. ამასთან, ისინი არ კმაყოფილდებოდნენ ამ კრებულების მარტოოდენ გადმოთარგმნით, არამედ ამდიდრებდნენ მათ ორიგინალური საგალობლებით და თავადაც ადგენდნენ კრებულებს ბიზანტიური და ქართული წყაროების უხვი გამოყენებით. შედეგად, მივიღეთ, როგორც ზოგადქრისტიანული, ასევე ინდივიდუალური ტერმინოლოგიის შემცველი ზოგიერთი ორიგინალური ქართული კრებული, რომელთაც შესაძლოა მცირე, მაგრამ განმასხვავებელი დეტალი გააჩნიათ შესაბამის ბერძნულ კრებულთან შედარებით; მათ შორისაა – იადგარი, ხმანი და გუერდნი (ოქტოიხოსის ჰიმნების კრებული), ძლისპირნი და ღმრთისმშობლისანი.  

ქართულ ლიტურგიკულ პრაქტიკაში შემუშავდა ორიგინალური კრებული გულანი (ბერძნული შესატყვისი – პანდექტი). მასში თავმოყრილია ყველა საღვთისმსახურო წიგნი, რაც კი იკითხება წლის განმავლობაში და დიდი მოცულობით გამოირჩევა. XVIII საუკუნის ქართულმა ჰიმნოგრაფიულმა და XIX საუკუნის სანოტო ძეგლებმა შემოგვინახა დიდი პარასკევის ცისკრის განგება სახელწოდებით „შეხვეტილიანი“, რომელიც შინაარსობრივად და კომპოზიციური თავისებურებებით პასიონის ჟანრს უახლოვდება. 

თამარ ჩხაიძე

წყარო: http://db.folk.gov.ge