მუსიკა

ქართული გალობის შესახებ

ქართველ მეცნიერებს მიაჩნიათ, რომ ვინაიდან ქრისტიანობა საქართველოში ბიზანტიიდან შემოვიდა, საქართველოს ეკლესიაში თავდაპირველად მონოდიური გალობა უნდა დამკვიდრებულიყო (ებრაული, სირიული, ბერძნული ან რომაული ლიტურგიის გავლენით). არსებობს სხვა მოსაზრებაც, რომლის მიხედვითაც, ადრე, ქრისტიანული პერიოდიდანვე, ქართული გალობა მრავალხმიანი იყო. 

დღეს ძნელია, ზუსტად განვსაზღვროთ, როდის მოხდა ბიზანტიური ჰანგების „საკუთარ გემოზე მოქცევა“ ანუ გამრავალხმიანება. მაგრამ, ეს პროცესი დიდხანს არ დააყოვნებდა. საქართველოში შემოსულ მონოდიურ გალობას თვითმყოფადი ეროვნული მუსიკალური აზროვნება დახვდა, რომლის ძირითად პრინციპს მრავალხმიანობა წარმოადგენდა და რომელშიც არეკლილი იყო ეთნოსის მიერ სამყაროს აღქმის თავისებურებები. ამიტომ სამხმიანი ქორალი იქცა ქრისტიანული სამების ხატებად და ქართველთა ქრისტიანული მსოფლაღქმის გამომხატველად ფოლკლორული მუსიკისაგან განსხვავებით, სადაც დღემდე ცოცხლადაა შემონახული როგორც ერთხმიანი ისე ორ, სამ და ოთხხმიანი სიმღერები და მრავალხმიანობის მრავალფეროვანი ფორმები, ქართული საგალობელი, უპირატესად, სამხმიანია. იგი ეროვნული ეკლესიის წიაღში შობილი პროფესიული მუსიკის ნაყოფია და, ბუნებრივია, შინაგანი ორგანიზების ლოგიკით მისი მრავალხმიანობაც სხვაობს ხალხური მრავალხმიანობისგან – საგალობლის კომპოზიციას საფუძვლად უდევს მელოდიური ფორმულა, რომელიც მრავალხმიანი და იმპროვიზაციული განხორციელებისთვისაა გამიზნული. საგალობელს არ ახასიათებს არც ფოლკლორული მუსიკისათვის ნიშანდობლივი რიგი კომპოზიციური თავისებურებები (მაგ. ოსტინატურობა, იოდლი, ბურდონული ბანის ფონზე ზედა ხმების მელიზმატიკური კონტრაპუნქტი და სხვ.). საგალობელში ვხვდებით როგორც ჰეტეროფონიულ, ისე პოლიფონიურ, მათ შორის, რთულ პოლიმელოდიურ ფაქტურას, რომელიც სხვადასხვა სამგალობლო სკოლისა და სტილის ნიმუშებში განსხვავებული ფორმებითა და ვარიანტულობით ვლინდება. ამასთან, უცვლელია მთავარი პრინციპი – გამეორება განახლებითა და „გამშვენებით“. 

ქართულ საგალობლებში მელოსის ჰორიზონტალურ განვითარებასთან თანაარსებობს ზედა ხმაში მოცემულ მთავარ ჰანგთან დანარჩენი ხმების ვერტიკალში მუდმივი კოორდინაციის პრინციპი. მისი ჰარმონიული სისტემა მოდალურია და დიატონურ კილოურ სისტემას ემყარება; ვერტიკალი, უპირატესად, კონსონირებულია, ამასთან, პოლიფონიზებულ ფაქტურაში ხშირია დისონანსების გამოყენებაც; განაპირა ხმების კოორდინაცია უპირატესად კვინტასა და ოქტავაში ხორციელდება, ზედა ორი ხმისა კი – სხვადასხვა სკოლის საგალობლებში – ხან ტერციაში, ხან კვინტასა და კვარტაში. ვერტიკალში ხმათა ჰარმონიული კოორდინირება ყველაზე მკაფიოდ საკადანსო ბრუნვებში ჩანს. სხვადასხვა საგალობელში მსგავსი საკადანსო ფორმულების არსებობა ამტკიცებს მუსიკალური აზრის განვითარების „ერთაფექტიანობას“, რაც ბუნებრივია შუა საუკუნეების საეკლესიო მუსიკისათვის.

საგალობლის საკადანსო ნაგებობების დასრულება, უმეტესად, კვინტის ინტერვალზე (შუა მუხლები), ან უნისონზე (საგალობლის ბოლო მუხლი) ხდება. საგალობლის დასასრულს ხმათა უნისონში თავმოყრა-გაერთიანება წმინდა სამების დოგმატის სიმბოლურ განსხეულებად წარმოგვიდგება. 

ქართულ გალობაში გამოიყოფა ორი ძირითადი შტო – აღმოსავლური და დასავლური. ეს ორი შტო აერთიანებდა საქართველოს მრავალი სამონასტრო სკოლის თვითმყოფად სამგალობლო ტრადიციებს. ცნობილი იყო გელათის, მარტვილის, შემოქმედის, დავით-გარეჯის, შიო-მღვიმის, სვეტიცხოველის და სხვა მონასტრებთან არსებული საგალობო სკოლები. გალობის საერთო ფუძის, საერთო ესთეტიკურ, ენობრივ და კომპოზიციურ საფუძველთა არსებობასთან ერთად, თითოეულ სამგალობლო სკოლას საკუთარი თვითმყოფადი ტრადიციები გააჩნდა. ჩვენამდე მოღწეული დასავლური შტოს საეკლესიო საგალობლები გელათის, მარტვილისა და შემოქმედის მონასტრების საგალობო სკოლების საუკეთესო ტრადიციებს ასახავს, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს (ქართლ-კახური) გალობა – სვეტიცხოვლის, სამთავისის, დავით-გარეჯის, შიო-მღვიმისა და მარტყოფის სამონასტრო კერების სულიერ მემკვიდრეობას წარმოადგენს. ჩვენამდე მოღწეულია მეტად მცირერიცხოვანი საგალობლებიც, რომლებშიც, ტრადიციულ სამგალობლო მელოდიებთან ერთად, სხვადასხვა კუთხის ფოლკლორისათვის დამახასიათებელ ფაქტურულ და ჰარმონიულ აზროვნებასაც ვხედავთ (სვანეთში, სამეგრელოში). 

მიუხედავად ასეთი მრავალფეროვნებისა, ჩვენამდე მოსულ ათასობით საგალობელს ერთი მელოდიური ძირი აკავშირებს, რომელიც სამხმიანი გალობის ზედა ხმაშია მოცემული. გალობის ფაქტურული და ჰარმონიული მრავალფეროვნება უმთავრესად განპირობებულია თანმხლები ბანისა და შუა ხმის ვარიანტული ცვლილებებით, რაც თითოეულ სამგალობლო სკოლაში განსხვავებული პრინციპით ხორციელდება. 

ქართული საეკლესიო საგალობელი, ისევე როგორც გრიგორისეული, ბიზანტიური, სლავური, სერბული და სხვა, ემყარება რვა ხმის სისტემას. ქართულ ტრადიციაში, ისევე როგორც, ზოგადად, ქრისტიანულ საეკლესიო მუსიკაში, ხმა გაიაზრება, როგორც ტრადიციული, დამკვიდრებული მელოდიური ფორმულების ერთობლიობა. ადრეული შუა საუკუნეების ქრისტიანული გალობის ეს ზოგადი კანონზომიერება (ფორმულებრივი აღნაგობა) ქართულმა გალობამ უცვლელად შეინარჩუნა დღემდე. 

ქართულ სამგალობლო პრაქტიკაში ჩამოყალიბდა ორი სახის გალობა – „სადა“ და „გავარჯიშებული“ ან – „გამშვენებული“. „სადა“ გალობა – ეს არის გალობის საფუძველი, მარტივი სამხმიანი ფაქტურის მქონე საგალობელი ტრადიციული ჰანგით, რომლის დაცვა და მომავალ თაობებზე გადაცემა, ზეპირი გალობის პირობებში მგალობელთა ერთ-ერთი უმთავრესი საზრუნავი იყო. გალობის „გამშვენება“ კი გულისხმობს, „სადა“ არქეტიპის საფუძველზე, სამივე ხმის იმპროვიზაციულ მიმოხრას, ტექსტის ერთ მარცვალზე ხანგრძლივ უსიტყვო პოლიფონიურ გამღერებას. XIX საუკუნის ქართული გალობის მცოდნეთა და ქომაგთა ცნობებიდან ჩანს, რომ შუა საუკუნეებში ქართული გალობა ჯერ „სასწავლებელი ხმებით“ (კვინტოქტავური პარალელიზმით), ხოლო შემდეგ – „სადა“ სახით (ე.ი. მარტივი სტილით) ისწავლებოდა. შემდეგი ეტაპი იყო „გამშვენების“ თავისებურებების დაუფლება. ზოგჯერ ამ სახის გალობის ჩასაწერად გამოიყენებოდა ჩართული ხმოვნები/ფონემები – ისინი ხმის უსიტყვო ბრუნვას მიანიშნებენ. 

საეკლესიო საგალობლის მთავარი ჰანგის მელოდიკა თავისუფლად ირგებს სხვადასხვაგვარ ჰარმონიულ შეფერილობას, მსგავსად პოლიფონიურ სტილში გავრცელებული ხერხისა – თემის ახლებურად ჰარმონიზებისა. ამიტომ ძველ ხელნაწერთა რედაქტირებისას შესაძლებელია სხვადასხვა საგასაღებო ნიშნის გამოყენება, რაც ჰანგს სხვადასხვა კილოური მიხრილობით წარმოგვიდგენს. ეს თავისებურება – მრავალფეროვანი მრავალხმიანი ინტერპრეტაციის შესაძლებლობა არის ქართული გალობის სიმდიდრე და განსაკუთრებულობა.

 

თამარ ჩხაიძე

წყარო: http://db.folk.gov.ge