სამუსიკო დამწერლობის სისტემა

ქართული გალობის შესახებ

შუა საუკუნეებში ქართულ საგალობო ტრადიციაში შემუშავებული ნევმური სამუსიკო დამწერლობა განსხვავებულია ამავე პერიოდის ბიზანტიური ნევმური სისტემისაგან, თუმცა პალეობიზანტიური ნიშნების მსგავსად, დღემდე გაშიფრული არ არის. იგი დაფიქსირებულია X-XI საუკუნეების ძეგლებში – Sin-1, იელის, მიქაელ მოდრეკილის იადგარები, იორდანეს ძლისპირთა კრებული და სხვ. ეს საკმაოდ მასშტაბური ხელნაწერები ქართული ნევმური სისტემის ერთგვაროვნებას გვიდასტურებენ. ამ ნიმუშებში დაცულია ერთი ტიპის ნიშნები, საერთოა ნევმირების მეთოდი. სისტემა მკაცრად განსაზღვრულ პრინციპებზეა აგებული და წარმოადგენს დადგენილ და გამართულ ფორმას ვოკალური მუსიკის დასაფიქსირებლად. სისტემის სრულყოფილება საფუძველს გვაძლევს, მისი ჩასახვა-განვითარების პროცესი უფრო ადრეულ – VIII-IX საუკუნეებში ვივარაუდოთ. 

ქართული ნევმური სისტემის ორიგინალობა მჟღავნდება ვერბალურ ტექსტზე მისი განთავსების თავისებურებაში. განსხვავებით ყველა არსებული ნევმური ნოტაციისაგან, ქართულში ნიშნები მოთავსებულია სტრიქონს ზემოთ და ქვემოთ და ერთმანეთის სარკისებურად შებრუნებულ ვარიანტებს წარმოადგენენ. ქართულ ნევმურ სისტემას, ასევე, გამოარჩევს ნიშნების არასილაბური განლაგება – ტექსტის არა ყოველ მარცვალზე, არამედ ინტერვალებით, სტაბილური ნევმური ფორმულების სახით. ნევმების ტექსტზე განაწილების თვალსაზრისით ქართული ნევმური სისტემა ემსგავსება ბიზანტიურ ეკფონეტიკურ, ანუ საკითხავ ნიშნებს, რომლებიც, ასევე, გვხვდება ქართულ წერილობით ძეგლებშიც (გელათის სახარება და შიო-მღვიმის ტიპიკონი). სავარაუდოა, რომ ჩამოყალიბების პროცესში ქართული ნევმური სისტემა დაეყრდნო ბერძნულ ეკფონეტიკური ნიშნების სისტემას და მისთვის ახლობელი ზოგიერთი პრინციპი გაითავისა. 

XI–XVIII საუკუნეებს შორის შუალედში, დღეისათვის ცნობილ ქართულ წერილობით ძეგლებში ნევმური სისტემა აღარ ჩანს, მაგრამ ნევმირების პროცესის უწყვეტობაზე მიგვითითებს XVIII-XIX საუკუნეების ნევმირებული ხელნაწერები, რომლებშიც დაცულია ნევმირების ძველი მეთოდი, თუმცა გვხვდება ახალი გრაფიკის მქონე ნიშნები, ტირეებისა და წერტილების კომბინაციები. ჰანგის დაფიქსირების ასეთი მეთოდი უკავშირდება ქართული „გამშვენებული“/„გავარჯიშებული“ გალობის ფენომენს. 

ქართული საეკლესიო გალობის კიდევ ერთი სახეობაა „ჭრელის“ სახელით ცნობილი რთული პოლიფონიური ქსოვილისა და განვითარებული ჰანგის მქონე საგალობელთა ჯგუფი. „ჭრელი“ არაერთგვაროვანი მნიშვნელობის ტემინია და გულისხმობს არა მარტო მელოდიურ ნაგებობა-მოდუსს, არამედ რთული, განვითარებული ჰანგის პოლიფონიურ საგალობელს. ამავდროულად, ქართულ საეკლესიო მუსიკაში ტერმინი „ჭრელი“ აღნიშნავს ჰანგის ჩაწერის ვერბალურ მეთოდს. იგი გულისხმობს საგალობლის მელოდიის განმარტებას სიტყვიერად მოდუსების ანუ „ჭრელების“ მეშვეობით. „ჭრელთა“ სისტემის შემცველი ძეგლები ინტენსიურად გვხვდება XVII საუკუნიდან, მაგრამ ეს ტერმინი და მისი ზოგადი კანონზომიერებები საგალობო პრაქტიკაში ჩამოყალიბებულია უკვე XIII საუკუნეში, სახელდობრ, „ჭრელი“ საგალობლები XIII და XVII-XVIII სს-ის წყაროებში ერთი და იგივე ფუნქციითაა წარმოდგენილი. 

თამარ ჩხაიძე

წყარო: http://db.folk.gov.ge