განათლების სისტემა
ქართული გალობის შესახებ
უკვე IX-X საუკუნეების საქართველოში პროფესიული სასულიერო სამუსიკო განათლება სრულყოფილ, ორგანიზებულ სისტემას წარმოადგენდა. საგალობო ხელოვნების სწავლებას „ხმითა სასწავლელი სწავლა“, ხოლო გალობის მასწავლებელს „გალობის-მოძღვარს“, ან „მგალობელთუხუცესს“ უწოდებდნენ. ქართულ საგალობო კერებში სასულიერო პოეტური ტექსტების თარგმნა და მათი გაწყობა რვა ხმის ინტონაციებზე ცალკე სწავლებად ჩამოყალიბდა, რაც „დასდებლის მეცნიერების“ სახელით იყო ცნობილი. ამ მეცნიერებას დაუფლებული პირები „მეხელებად“ იწოდებოდნენ. XII საუკუნეში, ორიგინალური საგალობლების შემთხზველთ „ხელოვანთ-მთავრები“ ერქვათ. ცნობილია აგრეთვე ერთგვარი პროფესია „მნიშვნელნი“, რომელთაც ჰიმნოგრაფიული ტექსტის ნევმებით აღბეჭდვა ხელეწიფებოდათ. დაახლოებით XVIII საუკუნიდან ჩნდება ტერმინი „სრული მგალობელი“. იგი სულხან-საბა ორბელიანის (1658–1725) ლექსიკონში „ლოდბარი“ პარალელურია. „სრული მგალობლობა“ გულისხმობდა მთელი წლის საგალობო რეპერტუარის ზეპირად ცოდნას, ასევე “დასდებლის მეცნიერების” ფლობას. სწავლების ამგვარი დიფერენცირება ქართული საეკლესიო მუსიკალური კულტურის მაღალ პროფესიულ დონეზე მეტყველებს. მართალია, დღეისათვის ჩვენ არ მოგვეპოვება რაიმე ნივთიერი საბუთი საქართველოში, ან მის საზღვრებს გარეთ არსებულ კერებში პროფესიული მუსიკის თეორიული კვლევისა, მაგრამ ჰიმნოგრაფიული ძეგლების მინაწერებსა და ანდერძებში დაცული სხვადასხვა ტიპის განმარტება და მითითება, უაღრესად ზუსტ კონტექსტში გამოყენებული მუსიკალური ტერმინებით, მეტყველებს იმდროინდელი მუსიკალურ-თეორიული აზრის განვითარების სათანადო დონეზე.
თამარ ჩხაიძე
წყარო: http://db.folk.gov.ge